საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საგრანტო პროექტის „საჯარო მმართველობის სამართლის სამაგისტრო პროგრამის კონცეფციის შემუშავება“ საბოლოო შედეგების პრეზენტაცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა (თსუ) და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ბსუ) თანამონაწილეობით შექმნილი კონსორციუმის საგრანტო პროექტის - „საჯარო მმართველობის სამართლის სამაგისტრო პროგრამის კონცეფციის შემუშავება“ - ფარგლებში 2024 წლის 12 ივლისს საბოლოო შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.

 

შეხვედრა გახსნეს და მონაწილეებს სიტყვით მიმართეს პროექტის დირექტორმა - პაატა ტურავამ, კონკურენტული ინოვაციის ფონდის უმაღლესი განათლების კომპონენტის ხელმძღვანელმა - ნინო ბეგიაშვილმა, თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა - თამარ ზარანდიამ, ბსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა - ლევან ჯაყელმა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა - ლელა ჯანაშვილმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ და ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა - რაჟდენ კუპრაშვილმა.

 

შეხვედრას გაუძღვნენ თსუ-ისა და ბსუ-ის პროფესორები: პაატა ტურავა, ნანა ჭიღლაძე, ეკა ქარდავა, ირაკლი კახიძე, ლევან ჯაყელი და მალხაზ ნაკაშიძე. შეხვედრაში აგრეთვე მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის აპარატის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF), განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, საჯარო სამსახურის ბიუროს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა და ანტიკორუფციული ბიუროს წარმომადგენლები.

 

ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს საჯარო მმართველობის სამართლის სამაგისტრო პროგრამის კონცეფცია, რომელიც მიზნად ისახავს საჯარო სამსახურში დასაქმებულთა პროფესიულ განვითარებას, კერძოდ დასაქმებული პირების თეორიული და პრაქტიკული უნარების დახვეწას. შეხვედრისას ყურადღება დაეთმო საჯარო სექტორში არსებული პრაქტიკული საგანმანათლებლო საჭიროებების შესწავლასა და მოხელეთა პრაქტიკული უნარების გაძლიერებას.

 

საჯარო სამსახურებისა და აკადემიური წრის წარმომადგენლებთან ერთად გაიმართა დისკუსია საჯარო სამართლის სამაგისტრო პროგრამების კვლევის საბოლოო შედეგებზე, საჯარო სამსახურში პროფესიული განვითარების სისტემაზე, მარეგულირებელ სამართლებრივ აქტებსა და დუალური სწავლების მეთოდებზე, აგრეთვე საჯარო სამსახურებთან თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე.

თარიღი: 22/07/2024